ცხელი ხაზი: 72 67 17; 890 26 16 27
ფოტო გალერეა
ჩვენი პარტნიორები
a

 

a


 

 

 

ავტორი: ოლიკო ცისკარიშვილი; გამოცემა: ; თარიღი: 2010-06-08

უკვე ვერ ვითვლი რამდენი ფეხმძიმობა შემიწყდა, იმის გამო, რომ ჩემი ქმარი დაუნდობლად მირტყავდა. ბოლოს, როცა დავორსულდი, არ გავამხილე, რადგან ვიცოდი, რომ ჩემი ქმარი და დედამთილი აუცილებლად მომაშლევინებდნენ მუცელს.

 

ხუთი თვის ფეხმძიმე ვიყავი, როდესაც გაიგეს, ისიც იმიტომ, რომ ჩემმა ქმარმა წიხლებით დამიწყო ცემა, შევევედრე, ნუ მცემ, ფეხმძიმე ვარ-მეთქი," - ყვება 32 წლის ლიკა, რომელმაც ვეღარ გაუძლო მოძალადე ქმარს და სახლიდან პატარასთან ერთად წამოვიდა და ახლა დასთან ერთად ზრდის თავის გოგონას. მან პატრულს ერთხელ მიმართა, მაგრამ რატომღაც, პატრულმაც ქმრის მხარე დაიჭირა, არც სასამართლოში შეუტანია სარჩელი, რადგან ფიქრობს, რომ შვილის მამას სასამართლოში ჩივილისთვის ვერ გაიმეტებს.

 

ასევე ფიქრობდა 37 წლის თინათინიც, რომელსაც დღემდე ჰგონია, რომ ცოლს ყველა ქმარი ცემს, და ეს ცემაც სიყვარულის გამოვლინებაა. თუმცა მანაც ვერ გაუძლო მოძალადე ქმარს და ახლა 15 წლის შვილთან ერთად, მარტო უმკლავდება ცხოვრებას.

 

33 წლის მარი კი შვიდჯერ წამოვიდა მოძალადე ქმრისგან. ცემის გამო ორსულობა სამჯერ შეუწყდა, ახალგაზრდა ქალმა გადაწყვიტა, რომ ფეხმძიმეს დაეტოვებინა მოძალადე. ორ თვეში დედა გახდება და პატარის გაზრდას მარტო აპირებს.  ყოველი მისი დაბრუნება მოძალადესთან - იყო იმედი, რომ მეუღლე გამოსწორდებოდა და მშვიდ, წყნარ ოჯახს შექმნიდნენ. საქართველოში ასეთ მდგომარეობაში ბევრი ქალია.

 

"ფეხმძიმე ქალებზე ძალადობა, სოციალურად დაუცველი ფენაში საკმაოდ ხშირია. იყო გარდაცვალების შემთხვევაც, ეს ფაქტი ახლა ძიებაშია. სავარაუდოდ, ოჯახური ძალადობაა, რადგან ფეხმძიმეს მოგლეჯილი ჰქონდა თირკმელი. თირკმელი ისე არ იგლიჯება თუ რაიმე დიდი ტრამვა არაა მიღებული. გარდაიცვალა ქალიც და ნაყოფიც, როცა მოგვმართავენ ასეთი ქალები, საქმეს პოლიციას გადავცემთ. ძალადობის მსხვერპლი ფეხმძიმე ქალები, როგორც წესი, მალავენ, რომ ისინი ძალადობის მსხვერპლები არიან. ამას თავად არასდროს აღიარებენ.

 

დუმილის მიზეზი შიშია, მენტალიტეტი, არაინფორმირებულობა. ორსულის უფლებაა, რომ დამალოს ან თქვას ძალადობის ფაქტები. მე რანაირად ვუშველო, თუ თვითონ არ დაადასტურა რომ ძალადობის მსხვერპლია. ძალადობის მსხვერპლები ხშირია სოციალურად დაუცველებში, პირდაპირ ვთქვათ - ყველაზე ხშირად “ბომჟებში” გვხვდება. როცა მძიმე შემთხვევაა პერინატალური ცენტრში მოჰყავთ, ამიტომაც ხშირად გვაქვს მათთან შეხება," _ ამბობს ს.ს. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი ზაზა სინაურიძე.

 

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის და დახმარების სახელმწიფო ფონდი, 2006 წლიდან არსებობს, რომელსაც 2009 წლის იანვრიდან, დროებით დაევალა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვისაც დახმარება და დაცვა გაეწია.

 

"ფონდში ტრეფიკინგის მსხვერპთა გარდა, გვყავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლნიც, მარტოხელა დედები და ფეხმძიმე ქალები. ყველა კატეგორიას თავისებური მიდგომა სჭირდება. ვცდილობთ ყველანაირი დახმარება გავუწიოთ, ვუტარებთ გამოკვლევებს, სამედიცინო, იურიდიულ დახმარებას, თუ სჭირდებათ სასამართლოში სარჩელის შეტანა, ამ დროსაც გვერდში ვუდგავართ. მათზე სახელმწიფო ზრუნავს.

 

ფეხმძიმე ქალებს კი ყველანაირ დახმარებას ვუწევთ, დადებული გვაქვს ხელშეკრულება საპატრიარქოს სამშობიაროსთან და ორსული სრულიად უფასოდ მშოიბიარობს. ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი, ჩვენთან პატრულისა და სასამართლოს გავლით მოდიან. ოჯახური ძალადობა, ალბათ უფრო ძველი მენტალური გადმონაშთის ბრალია, დიდ გავლენას ახდენს უმუშევრობაც.

 

ჩვენ გვყავს 24 წლის გოგონა, რომელმაც ცოტა ხნის წინ იმშობიარა. ამ შემთხვევაში მოძალადე მამა იყო. გოგონასა და შეყვარებულს შორის გაუგებრობა მოხდა, ფეხმძიმე შვილი კი მამამ არ მიიღო. ემუქრებოდა და ისიც იძულებული გახდა სახლიდან წასულიყო. დღესაც კი, მამას მისი ნახვის სურვლი არ აქვს. ჩვენ კი ვეხმარებით მას ბავშვის აღზრდაში, დაგვყავს ტრენინგებზე, ვცდილობთ შევასწავლოთ ხელობა, რომ მომავალში დამოუკიდებლად შეძლოს ცხოვრებას გაუმკლავდეს" _ ამბობს ლევანი კამლაძე ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრის ადმინისტრატორი, რომლის აზრითაც, ოჯახური ძალადობის მსხვერპლების რაოდენობა სოციალურად დაუცველ ფენებში უფრო ხშირია.

 


- ოჯახური ძალადობის პრობლემა სახელმწიფო დონეზე ნელ-ნელა ლაგდება - ფიქრობს სოციალური მუშაკი ინდირა რობაქიძე, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. "შეიძლება სოციალურად უზრუნველყოფილი იყოს ოჯახი, თუმცა ეს პრობლემა მაინც იდგეს, - ამბობს იგი.
"არის შემთხვევები, როცა ძალადობის მსხვერპლს საზოგადოების აზრის ეშინია, ოჯახის წევრების, მეგობრების, მეზობლების რცხვენიათ, ბევრს შირმად აქვს ოჯახი -  ვითომ ყველაფერი კარგადაა, ოჯახური ძალადობის ფაქტს ბევრი ნიუანსის გამო არ აღიარებენ. თითოეულ ძალადობის მსხვერპლის პრობლემა ინდივიდუალურია, მიზეზი კი განსხვავებული" - ამბობს ლევან კამლაძე.

 


საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარის მოადგილე, რუსუდან კერვალიშვილის აზრით, ოჯახური ძალადობის პრობლემა არა მარტო საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის პრობლემაცაა და სამივე ქვეყნისთვის საერთოა.

 

ჯონ ბასი, აშშ-ს ელჩი საქართველოში კი თვლის, რომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ. "ჩვენ ამაყები ვართ, რომ ვეხმარებით საქართველოს ამ პრობლემის გადაჭრაში", _ განაცხადა მან რამდენიმე ხნის წინ, სასტუმრო "მეტეხი პალასში" გამართულ გაეროს მოსახლობის ფონდის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე, რომელიც სწორედ, ოჯახური პრობლემის დაძლევას ეხებოდა.

 


პროექტი "საქართველოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაუმჯობესება ოჯახური ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლების დასახმარებლად" ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი (ძდექი) ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და ესტონეთის ღია საზოგადოების ინსტიტუტთან ერთად განხორციელდა. პროექტი მიზნად ისახავს ესტონეთის გამოცდილების გაზიარებას ოჯახური ძალადობისგან დაცვის საკითხებში. 

 

გასულ წელს ესტონეთის რესპუბლიკის ელჩმა ტომას ლუკიმ განაცხადა, რომ პროექტი მეტად მნიშვნელოვანია. "პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა საქართველოში ოჯახური ძალადობის კვლევა. და მნიშვნელოვანია, როგორც პოლიციელთათვის, ასევე მედიკოსებისთვის. საქართველოში მიჩნეულია, რომ ფეხმძიმე და მელოგინე ქალები საყოველთაო ყურადღებით არიან გარემოცულნი, თუმცა სულ სხვაა შედეგები კვლევისა,  რომლის ფარგლებშიც 700-მდე  გენეკოლოგი და 746 მელოგინე ქალი გამოიკითხა: კვლევის დროს ყურადღება მიექცა ძალადობას, რომელიც მიმართული იყო ფეხმძიმე ქალებზე. საქართველოში ამ ტიპის კვლევა პირველად ჩატარდა და მოიცავს პერიოდს 2008 წლის შემოდგომიდან 2009 წლის გაზაფხულამდე. გამოიკითხა 749 რესპონდენტები, ფეხმძიმე ქალი რომელთა ვინაობაც ანონიმურია. გამოკითხულთა უმრავლესობა 91 % ეთნიკურად ქართველია," - აცხადებს ირის პეტაი ესტონეთის ღია საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი.

 


მსოფლიოში და მათ შორის ესტონეთშიც ამგვარმა კვლევებმა აჩვენა, რომ არა მარტო ფეხმძიმე ქალები, არიან ძალადობის მსხვერპლნი, ძალადობას შედეგად, მათი ჯერ კიდევ დაუბადებელი შვილები ზარალდებიან.

 


კვლევამ აჩვენა, რომ მხოლოდ 77% ფეხმძიმე არის კანონიერ ქორწინებაში, თავისუფალ ქორწინებაში კი ქალების 12% ცხოვრობს.  ხოლო მარტოხელა ქალები ან ქალები, რომლებსაც ყავთ კონკრეტული პატრნიორი მხოლოდ 6%-ია. 40% ბავშვს აჩენს ქორწინებიდან სამი წლის განმავლობაში, ხოლო 87% ქორწინებიდან ათი წლის განმავლობაში.

 

 
საქართველოში, ყოველი მეოთხე ქალი სექსუალურ ცხოვრებას 18 წლის ასაკიდან იწყებს, ყოველი მესამე 19-21 წლის ასაკში. ქალთა 35%, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი არიან, მამაკაცთან კონტაქტი 18 წლამდე ასაკში ჰქონდათ.

 

მათ შორის, ყოველი მეხუთე 18 წლის ასაკამდე დედა ხდება. ქალთა 64%, რომლებიც პარტნიორებთან ჰარმონიულად ცხოვრობენ, ამტკიცებენ, რომ სექსუალური ცხოვრება სიამოვნებას ანიჭებს, ამასვე ამტკიცებს ძალადობის მსხვერპლი ქალების მესამედიც.

 

ქალების 16%, რომელთა პარტნიორებიც აგრესიულები არიან, ამტკიცებენ, რომ სექსუალური კონტაქტი მათ სიამოვნებას არ ანიჭებთ. ამას ამბობს იმ ქალთა სამი პროცენტიც, რომლებიც ჰარმონიულად ცხოვრობენ პარტნიორებთან.

 

 

 

 

კვლევამ აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც განიცდიან ძალადობას, ხშირად ებადებათ გოგონები (4%), ხოლო ისინი, ვინც ჰარმონიულად ცხოვრობენ თავიანთ პარტნიორებთან ნაკლებად (1%). ძალადობის მსხვერპლ ქალებს ხშირად სურთ, რომ გოგონები დაბადონ, ციფრებით ეს ასე გამოისახება 51 %-ს სურს გოგონა დაბადოს, ხოლო 23 % წინააღმდეგია.

 


იმ მამაკაცთა ნახევარი, რომლებიც მიდრეკილნი არიან ძალადობისკენ, დადებითად ეპყრობიან ფეხმძიმე ცოლებს/პარტნიორებს. სწორედ, ისე, როგორც ჰარმონიულ ოჯახებში ხდება ხოლმე.

 

ყოველი მეხუთე ქალს, რომელიც ცხოვრობს ძალადობრივ ატმოსფეროში, აღარ სურს შვილის გაჩენა, ამავე აზრზეა ქალების 15%, რომლებსაც ჰარმონიული თანაცხოვრება აქვს.

 

 


საქართველოში ქალები, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან ფინანსურად დამოუკიდებელნი არ არიან, ჰარმონიულ ოჯახებშიც მატერიალურად დამოუკიდებელია ყოველი მეხუთე ქალი.

 

ქალების 47%, რომელთაც შეხება აქვს ძალადობასთან, თავიანთ ფინანსურ მდგომარეობას არადამაკმაყოფილებლად აფასებენ.  ყოველი მეხუთე ქალი რომლებიც არ არიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი - ანალოგიურ მდგომარეობაში არიან.

 

იმ ქალთა 87%, რომელიც ჰარმონიულად ცხოვრობენ მეუღლეებთან, იმედოვნებენ, რომ მათი ქმრები დაეხმარებიან ჩვილი ბავშვის აღზრდაში, (90% დარწმუნებულია, რომ მამები შვილების აღზრდაში მათი სრულწლოვანების ასაკამდე მიიღებენ მონაწილეობას)

 

ოჯახებში, სადაც ძალადობაა ამის იმედი არ აქვთ (60%). მეტიც, მათ არ სჯერათ, რომ ბავშვის მამა და მათი მეორე ნახევარი, დახმარებას გაუწევს ჩვილის გაზრდაში. ისინი მიიჩნევენ, რომ ძალადობისკენ მიდრეკილი მამაკაცები კარგი მამები ვერ იქნებიან.

 

"პრობლემა ისაა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის რა არის ოჯახური ძალადობა, ჩვენ უკვე შეგვიძლია ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ არსებობს ასეთი პრობლემა," _ ამბობს ნატო შავლაყაძე - ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის ხელმძღვანელი.

 

 

სტატისტიკა კი საგანგაშოა:

 

 

გამოკითხვის თანახმად, ოჯახების 22%, სადაც ძალადობას აქვს ადგილი, ჩხუბობენ ყოველ კვირას. 36% კი თვეში რამდენჯერმე. ქალების 12% აღიარებს, რომ კამათი, პერმანენტულად ან ხშირად გადადის ფიზიკურ ძალადობაში.

 

 

ქალთა 36%, რომლებიც ახლაც ძალადობის მსხვერპლად ითვლებიან, აღიარებენ, რომ მათი ყოფილი პარტნიორებიც ფიზიკურად ძალადობდნენ მათზე.

 

 

ქალთა 43% აღიარებს, რომ ქმარმა მასზე ძალადობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი ფეხმძიმობის შესახებ გაიგო. ქალთა 10 %-მა 

განაცხადა, რომ ამ ძალადობის გამო, მათ ორსულობა შეუწყდათ. 7%-მა მიიღო სიცოცხლისთვის საშიში ტრამვა. ძალადობისკენ მიდრეკილი კაცების 13% არა მხოლოდ ცოლზე, შვილზეც ძალადობს. ძალადობის მსხვერპლი ქალების 27% აღიარებს, რომ ეშინიათ თავიანთი პარტნიორების. ქალთა 14 პროცეტს სამშობიაროდან ეშიანია ახალდაბადებულთა ერთად შინ დაბრუნება, რადგან გრძნობენ, რომ როგორც მათი, ასევე პატარას სიცოცხლეც, შესაძლოა საფრთხის ქვეშ დადგეს.

 

ფსიქოლოგიური ტერორი - სტრესი, რომელსაც ვერ დაივიწყებ

 

 

"სამწუხაროდ, კვლევამ აჩვენა, რომ ძალადობა ქალებზე, სწორედ მათი ფეხმძიმობის დაწყების შემდეგ ხდება," _ ამბობს ჰალვე კასე ესტონეთის რესპუბლიკის ღია საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი.

 

 

ქალები, რომლებიც ცხოვრობენ ძალადობის ქვეშ, ფეხმძიმობამდე ეწეოდნენ 1-2 კოლოფ სიგარეტს, ის ქალებში, რომლებიც ძალადობას არ განიცდიან გაცილებით სტაბილური სიტუაციაა, მწეველები მათ შორის ორჯელ ნაკლებია. ძალადობის მსხვერპლ ქალთა 7% და ჰარმონიულ ოჯახში მცხოვრებ ქალთა 4% ფეხმძიმობის დროსაც აგრძელებდნენ სიგარეტის მოწევას.

 

ქალთა 36% ძალადობის შიშით ქრონიკულ სტრესის ქვეშ იმყოფება, უმრავლესობას უძილობა აწუხებს. ყოველი მეოთხე სისუსტესა და დაღლილობას უჩივის. ყოველი მეხუთე კი ნერვიული და გაღიზიანებულია. 14%-ს თან სდევს შიში და პანიკის შეტევა. 5%-მა კი ვენერიული დაავადებები გადაიტანა.

 


საერთაშორისო გამოკვლევებით, ცნობილია, რომ დედის ნეგატიური ემოციები, ნაყოფის, როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მოქმედებს. ეს კვლევაც იმის დასტურია, რომ ქალებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან, ებადებათ უფრო სუსტი და მსუბუქი ბავშვები, ვიდრე მათ, ვისი ფეხმძიმობაც კომფორტულად და სტაბილურად მიმდინარეობს.

 

ისეთი ემოციები, როგორიცაა თვითდაჯერებულობა, დამოუკიდებლობის შეგრძნება, წარმატება, პასუხისმგებლობა, დედებს აძლევთ ძალას და ასევე მოქმედებს ეს მათ ნაყოფზეც. საქპირისპიროდ მოქმედებს შიში, დაძაბულობა, დანაშაულის შეგრძნება, უსუსურობა - ანელებს ბავშვის განვითარებას.

 

გამოკითხვამ გამოავლინა საინტერესო ფაქტი: ძალადობის მსხვერპლ ქალებს ნაკლებად ეშინიათ მშობიარობის, ვიდრე მათ ვინც კომფორტულ გარემოში ცხოვრობს. როგორც ჩანს, ცხოვრებაში გამუდმებულმა სტრესებმა ისინი გააკაჟეს და სათანადოდაც უმკლავდებიან მას. მათ ხომ გარკვეული გამოცდილება აქვთ დაგროვილი ფიზიკური ტკივილის. თუმცა ისინი უფრო მეტად საჭიროებენ ახლობლებისგან ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.

 


მსხვერპლთა დახლოებით 40%-ს სურს, რომ ვისაც ისინი ენდობიან მშობიარობის დროს, მხარი დაუჭირონ. ახლობლებისგან მორალურ მხარდაჭერას ღებულობდა ყოველი მეოთხე ქალი. იმის მიუხედავად, რომ მსხვერპლი ქალები მშობიარობის დროს, ოჯახიდან იშვიათად ღებულობდნენ მხარდაჭერას, მათ მშობიარობას სხვა ახლობლები ესწრებოდნენ, ესენი იყვნენ მეგობრები, კოლეგები, და ა.შ. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ისინი ოჯახის წევრებზე მეტად სხვებს ენდონიან.

 

 

ძალადობის მსხვერპლ ქალების ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას ექიმები გაცილებით ცუდად აფასებენ, ვიდრე უზრუნველყოფილი ქალებისას. ასეთივე სურათია მათ პატარებთანაც, რადგან დედის ფიზიკური მდგომარეობა პატარაზეც მოქმედებს და მის განვითარებაზეც აისახება.

 

 

 

 2010 წლის მარტის მონაცემებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში 1921 ადამიანია, რომელსაც ოჯახის დეკლარაციაში მითითებული აქვს სტატუსი `მარტოხელა დედა~, მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 ათასს და ისინი სახელმწიფოს მიერ დადგენილი შეღავათებით სარგებლობენ. სხვა მონაცემებს, მაგალითად, რამდენია ქვეყანაში მარტოხელა დედების რაოდენობა, არც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, არც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, არც ქალაქის მერია არ ფლობს. თუმცა კი, სოციალურიად დაუცველი იმ 1921 ადამიანის გარდა, სხვა მარტოხელა დედები არანაირი შეღავათით არ სარგებლობენ. საქართველოს სასაჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონაცმებით, კი ამჟამად სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში საკუთარი შვილის მკვლელობისთვის სასჯელს 8 ქალი იხდის, მათგან უმეტესობამ, ჩვილი გაიმეტა მოსაკლავად. 

 

 

© 2009-2010 Powered by Dimitry Abramiani & Valeri Tandiashvili